ხიხაძირი - შუამთის ტბები - ხიხანის ციხე - ხიხაძირი

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართველო-თურქეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩაივლის და აუცილებელია წინასწარ ნებართვის აღება.

მარშრუტის ტიპი: წრიული, შერეული: საავტომობილო(4X4) და საფეხმავალო. შესაძლებელია მოგზაურობა ველოსიპედით და ცხენით;
მარშრუტის სირთულე:  საშუალო
მარშრუტის ხანგრძლივობა: 1 დღე
მარშრუტის საერთო სიგრძე: 32-33 კმ.;
მარშრუტის საფახმავლო მონაკვეთის სიგრძე(ორი მიმარულებით): 3კმ;
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2216 მ.;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი

მარშრუტის საწყისი პუნქტია ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხიხაძირი, რომელიც ხულოს ცენტრიდან 41კმ.-ით არის დაშორებული, ბათუმიდან კი  116 კმ.-ით. მარშრუტი საავტომობილო გზას მიუყვება და 3,3 კმ.-ის შემდეგ სოფელ ქვედა თხილვანაში შედის, სადაც სურვილის შემთხვევაში  ძველ  ნასაყდრალს და მეჩეთს მოინახულებთ. მარშრუტი ქვედა თხილვანადან  ნახევარ წრეს აკეთებს და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, აღმართებით მიემართება,  6 კმ.-ის გავლის შემდეგ,  გოდერძის უღელტეხილის და სოფ. ხიხაძირის შემაერთებელ გზაზე გადადის, 2,2 კილომეტრში კი უსახელო უღელტეხილია, საიდანაც  საოცარი ხედები იშლება. აქ შესვენება და ფოტოების გადაღება სასიამოვნოს გახდის მოგზაურობას. უღელტეხილთან ახლოს, დაახლოებით 200 მეტრში, ალპურ მდელოებთან ულამაზესი ტბაა, შუამთის ოთხი ტბიდან ყველაზე დიდი. მიმდებარედ იაილებია გადაშლილი, პატარა ხის სახლებით, სადაც ზაფხულის პერიოდში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ვიზიტორები  აქ დააგემოვნებენ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებს და სურვილის შემთხვევაში თავადაც ჩაერთვებიან მომზადების პროცესში. შუამთის იაილებიდან მარშრუტი სამხრეთის მიმართულებით გრძელდება და გაივლის რა კიდევ სამ მცირე ზომის ტბორს,  დაღმა ეშვება და  2,5 კილომეტრის შემდეგ  წიფლნარის იაილებში ჩადის. ეს არის ულამაზესი ადგილი, საიდანაც ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი ხედები იშლება. წიფლნარის იაილებიდან მარშრუტი  მდინარე ჭაჭუნის ხეობას მიუყვება და 2 კმ.-ის შემდეგ სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან მიდის. გზად (1,5 კმ. დასახლებიდან) ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ კიდევ ერთი ლამაზი ტბა.

სასაზღვრო - საკონტროლო პუნქტზე ვიზიტორები გაივლიან სავალდებულო მარტივ შემოწმებას და  ხიხანის ციხისკენ გაემართებიან. სასაზღვრო კონტროლის პუნქტიდან 1,5 კილომეტრის შემდეგ მარშრუტი  საფეხმავლო ბილიკით გრძელდება, რომელიც მკვეთრი აღმართებით  ხიხანის ციხის კომპლექსში (X-XI, XVII-XIXს.) ადის. 1,5 კილომეტრიანი ბილიკი  უსიერ ტყეში გადის და  საშუალო სირთულის  კატეგორიას მიეკუთვნება. ხიხანის ციხის კომპლექსი  2216 მ. სიმაღლეზეა განლაგებული (მარშრუტის უმაღლესი სიმაღლე). კომპლექსის ნაწილი რესტავრირებულია, მაგრამ შემორჩენილია ისტორიული ფრაგმენტებიც. აქედან ისევ სოფ. ხიხძირისკენ მივემართებით.

ინფორმაცია მოგზაურებისთვის:

  1. მარშრუტზე ავტომობილით მოგზაურობისას, აუცილებელია, ავტომობილი იყოს მაღალი გამავლობის(4X4);
  2. ველოსიპედით მგზავრობისას, რეკომენდირებულია სასმელი წყლის მომარაგება სოფ. ქვედა თხილვანაში, რადგან შუამთის იაილებამდე სასმელი წყალი არსად გვხვდება;
  3. მარშრუტზე საკვების წაღების აუცილებლობა არ არის, რადგან ყველა სოფელსა თუ საზაფხულო დასახლებაში არის შესაძლებელი საკვების მოძიება;
  4. ხიხანის ციხის კომპლექსში ასვლა პირებისთვის, რომლებსაც გულის ან წნევის  პრობლემები აქვთ, არ არის რეკომენდირებული, რადგან  ბილიკი მთელ სიგრძეზე მკვეთრ აღმართზეა (სიმაღლეთა სხვაობა დაახლ 400-420მ);
  5. ბილიკი ჯერ-ჯერობით არ არის კეთილმოწყობილი, ამიტომ წვიმიან ამინდში ან ნაწვიმარზე, ვიზიტორებს სიფრთხილე მართებთ.

 

  1. სურვილის შემთხვევაში, მარშრუტის გავლამდე ან მარშუტის გავლის შემდეგ, მოგზაურებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხიხაძირში და მის სიახლოვეს განთავსებული ტურისტული ობიექტები, კერძოდ:
  • XI-XIII საუკუნის ციხე „ვარდციხის“ ნანგრევები;
  • XI-XIII საუკუნის ციხე „ციხისყელი“- ის ნანგრევები;
  • სოფელ კალოთაში - XI-XIII საუკუნის ნასაყდრალი-საკურთხევლის ნაშთი;
  • თიკანაურის ნასაყდრალი ხიხაძირში, X-XI საუკუნე;
  • ბუნებრივი „მაცივარი“ სოფ. მთისუბანში;
  • ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავრის, საზ. მოღვაწის, გენერალ-მაიორ შერიფ ხიმშიაშვილის საფლავი სოფ. მთისუბანში;
  • სელიმ ხიმშიაშვილის თავის კვეთის ადგილი სოფ. ბაკი ბაკოში;
  • სოფ. ხიხაძირსა და ბაკი ბაკოში მდებარეობს  რამდენიმე კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო.

 

 

 

 

სხვა მარშრუტები

ბრილი-ლელთის ტბა-ხაბელაშვ ...

მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშუალომარშრუტის საერთო ...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ- ...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში ...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი ...