მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი საქართველოში ყველაზე ნოტიო ჰავით ხასიათდება. პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია უიშვიათესი  მცენარეები და ცხოველები, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი, წაბლნარას 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და ცივწყაროს 16 კილომეტრიანი, საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.

 

ლაშქრობა, ზიპ-ლაინი, კემპინგი, ცხენით სეირნობა.

 

ბილიკი №1 „წაბლნარი“

მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო

პერიოდი: მაისი - ოქტომბერი

წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ

სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი 

სირთულე - მარტივი

წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. ბილიკის დასაწყისში შეგხვდებათ მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და განაგრძობთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით.  მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ  გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე. ზიპ-ლაინიდან რამოდენიმე მეტრში გზა იყოფა ორი მიმართულებით: თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრას, შეუხვევთ მარცხნივ, ხოლო თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქეთან, რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან დაბრუნებისას ჩანჩქერიდან ერთ კილომეტრის გავლის შემდეგ მოხვდებით ტბასთან, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.

ბილიკი №2 ცივწყარო

მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო 

ხანგრძლივობა - 2 დღე

პერიოდი  ივნისი - სექტემბერი

წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ

სიმაღლე  ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი 

სირთულე- საშუალო

ცივწყაროს ბილიკი  წაბლნარის  ბილიკთან  შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყეს. გარდა მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა, ბილიკზე შესაძლებელია  მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ვიზიტორებისათვის მოწყობილია  8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი.  აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში  ტყის 70% წიფლნარია.  რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.

განთავსება: მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობისას ღამისთევა შესაძლებელია როგორც პარკის ვიზიტორთა ცენტრში, ასევე პარკთან მდებარე სოფელ ჩაქვისთავში არსებულ  საოჯახო სასტუმროებში. საოჯახო სასტუმროებში ღამისთევის საფასური საუზმით შეადგენს 35 ლარს, სამჯერადი კვებით 50 ლარს.

ტურისტული თავშესაფარში, რომელიც „ცივწყაროს“ საფეხმავლო ბილიკის მე-9 კილომეტრზე მდებარეობს. თავშესაფარი ორსართულიანია, არის სამზარეულო და სველი წერტილი. აუცილებელია თან იქონიოთ საძილე ტომრები.

ღამისთევა- 20 ლარი;

კვება: მტირალას ეროვნულ პარკში კვება შესაძლებელია, როგორც რესტორნებში, ასევე საოჯახო სასტუმრო სახლებში, რომლებიც ვიზიტორთა ცენტრიდან ნახევარ კმ-ში მდებარეობს. სადილის/ვახშამის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 25-35 ლარს. რეკომენდებულია დააგემოვნოთ თევზი, მტირალას თაფლი და მტირალას ნიგვზისგან დამზადებული სხვადასხა ადგილობრივი კერძი. პოპულარულია ასევე მტირალას თაფლის არაყი.

მტირალას ეროვნულ პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ-გვედზე: Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ ნომერზე : +995 577 10 18 89

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №13.


სხვა დაცული ტერიტორიები