ხიხანის ციხე - მწვანე სამოთხე, ღრუბლებთან ახლოს

 

თუ ის ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს დააგროვოს ახალ-ახალი შეგრძნებები, თავგადასავლები და ვინც ყოველთვის ცდილობს აღმოაჩინოს ახალი, ჯერ უცნობი საქართველო, ეს ბლოგი და მიმართულება შენთვისაა. ჩაალაგე ბარგი, მოიმარაგე თბილი ტანსაცმელი, წყალი და აიღე გეზი ხიხანის ციხისკენ.

 

იმისთვის, რომ უკეთ დაგეგმო შენი თავგადასავალი, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, რაც აუცილებლად უნდა იცოდე ამ მიმართულებაზე:

  • ციხე მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ხიხაძირთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ის დაახლოებით 3 საათის სავალზეა ბათუმიდან.
  • სოფელში მოსახვედრად შეგიძლია ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარშუტკით, რომელიც ბათუმის ავტოსადგურიდან გადის, ბაკი-ბაკოს მიმართულებით, გაივლის ხიხაძირსაც.  მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 8-10 ლარია.
  • მას შემდეგ, რაც სოფელში მოხვდები, შეგიძლია დაბინავდე რამდენიმე საოჯახო სასტუმროში (ხიხანი, ბაკო, ლუკა).
  • ლოკაცია მოქცეულია მთებს შორის, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რა დროს გადაწყვეტ სტუმრობას, აუცილებლად თან იქონიე თბილი ტანსაცმელი.
  • სოფლიდან ხიხანის ციხემდე 6-7 კილომეტრია, რომელიც სურვილისამებრ, შეგიძლია გაიარო ფეხით, ან მაღალი გამავლობის მანქანით, რომლის მოძიებაში ადგილობრივები დაგეხმარებიან.  ისინი დაგეხმარებიან ასევე იმაში, რომ ხმა მიაწვდინო სასაზღვრო პოლიციას და წინასწარ გააფრთხილო დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რადგან ციხე რამდენიმე მეტრშია საქართველო-თურქეთის საზღვართან. ამასთან ნებისმიერი შემთხვევისთვის, თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

 

რა გელოდება წინ:

სავარაუდოდ, უკვე გაქვს გარკვეული სახის გამოცდილება ლაშქრობაში. თუ ასეა, უნდა იცოდე, რომ გამოცდილება, რომელიც სიმწვანეში ჩაფლული ხიხანიდან გაგყვება, არასდროს დაგავიწყებს თავს.

ეს არის 1,5 კილომეტრი აღმართი, რომელიც ერთიანად მოგგვრის სიმშვიდეს და  განგაწყობს საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, მთავარი მტერი შენი სხეული და ფეხებია, რომელსაც არცერთი წამით არ უნდა მისცე საშუალება მოდუნდნენ და უარი გათქმევინონ შენს მიზანზე - მოხვდე მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ უმაღლეს  და ულამაზეს წერტილში. დატკბე, როგორც ბუნების მრავალფეროვნებით, ასევე საკუთარი თავით, რადგან ეს შენ ხარ, ვინც აისრულე ჩანაფიქრი.

მრავალი ბუჩქი მოცვის, ხის მორისა და ქვის ლოდის შემდეგ, შენ იქ ხარ, სადაც უნდა იყო. თვალწინ გეშლება თვალუწვდენელი სამყარო და ხვდები, რომ ის ემოცია, რაც ხიხანის ციხის კოშკიდან გადმოხედვისას გეუფლება, მთლიანად აღემატება იმ ძალისხმევასა და გარჯას, რაც იქ მოხვედრისთვის გადაიტანე.

ეს არის გამოცდილებით, შეგრძნებებით, სიახლეებით დატვირთული, მწვანე სამოთხე, ზღვის დონიდან 2635 მეტრზე, ღრუბლებთან ძალიან ახლოს! 

სხვა პოსტები

თხილვანის მენჰირი

  თხილვანის მენჰირი (რკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VIIს.)   როდესაც ისტორის დუმს, ქვები ლაპარ...

ხაბელაშვილების ხის თ...

თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ ცრუპენტე...

ღვინო

ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში  ერთი ჭიქა ღვინის...

აჭარული სამზარეულო გ...

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენს ქვ...

ცხოვრება ცხრა მთას ი...

თუ განსხვავებული კულტურები და ცხოვრების სტილი შენთვის საინტერესო და ღირებულია, ყოველთვის ცდილობ რაც ...

„ეს სიმღერა ძველებუ...

  „სიმღერას ნუ დამინგრევ და თუ გინდა სახლი დამინგრიეო“ - იტყოდა აბდულ ბო...

კალოთის სამსხვერპლო

  აჭარაში ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქ ჯერ კიდევ ქრისტეს და მით უფრო, მუ...