ალპური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილიდან 3 კმ.-ში მდებარეობს. ეს ადგილი ერთ- ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძისა და მწვანე ტბის მარშრუტებზე. მისი მონახულება შეუძლიათ კურორტ გოდერძის ან ბეშუმის დამსვენებლებს. ბაღის სტუმარი იხილავს 10 ჰა-ზე თავმოყრილ მცენარეთა 161 სახეობას, ჯარას თაფლის წარმოების უნიკალურ მეთოდს და ქვის ბაღს-როკარიუმს. ბაღში შესვლა უფასოა. გოდერძის ალპური ბაღის მისიაა ხელი შეუწყოს მაღალმთიანი აჭარის მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ერთ სივრცეში, მათი კონსერვაცია, დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.
ზაფხულში, როდესაც ალპური მდელოები მწვანე, ხასხასა ბალახითა და ფერადი, უცხო ყვავილებით იფარება, იქვე მდებარე იაილებზე პატარა, ხის სახლები მემთეურებით ივსება, რომლებთაც საქონელი ამოჰყავთ ზაფხულის საძოვრებზე და ოჯახთან ერთად შემოდგომამდე აქ რჩებიან.